სინოდი 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება

„წმინდა სინოდმა შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოავლინოს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად,“ – ასეთია წმინდა სინოდის სხდომის ოქმის მთავარი ჩანაწერი, თუმცა უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის შეიკრიბებიან მღვდელმთავრები კანდიდატების შესარჩევად. იყო მოლოდინები, თუმცა ოქმის მიხედვით, სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა ასაკობრივი დათქმის საკითხთან დაკავშირებით. დასახელდა ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიების შემადგენლობა და თავმჯდომარეები.

ეროვნებით ქართველი, ბერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საღვთისმეტყველო განათლებითა და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილებით, ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის სამი მღვდელმთავარი, რომელსაც პატრიარქობის კანდიდატად სინოდი შეარჩევს. განსაზღვრულია ასაკობრივი ზღვარიც, არანაკლებ 40-სა და არაუმეტეს 70 წლის.

კათოლიკოს-პატრიარქი ის მღვდელმთავარი გახდება, რომელიც პირველ ჯერზე ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს, თუკი კენჭისყრის შედეგები სხვაგვარად გადანაწილდა, განმეორებითი კენჭისყრა ორ უპირატეს კანდიდატს შორის მოხდება. კანდიდატზე მსჯელობა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორი თვისა უნდა დაიწყოს. წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან უნდა წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია, გაფართოებული სხდომა კი, სადაც შერჩეული სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

ნათია ქენქაძე არკვევდა სინოდის სხდომის დეტალებს.