კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე 25 აპრილს სრულდება. სწორედ ამის შემდეგ, წმინდა სინოდმა ქართული ეკლესიის 142 წინამძღვრის არჩევის პროცედურები უნდა დაიწყოს. კანდიდატის შესარჩევად სინოდის სხდომას და შემდეგ უკვე გაფართოებულ საეკლესიო კრებას 2017 წელს, ილია მეორის მიერ დასახელებული და სინოდისგან უკვე ოფიციალურად დამტკიცებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მოიწვევს და გაუძღვება. კრიტერიუმებს, რომელსაც პატრიარქობის კანდიდატი უნდა შეესაბამებოდეს, მართვა-გამგეობის დებულება ადგენს. ეროვნებით ქართველი, ბერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საღვთისმეტყველო განათლებით და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილებით, ასაკით არანაკლებ ორმოცის და არაუმეტეს სამოცდაათი წლის – სწორედ ამ მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს ის სამი მღვდელმთავარი, რომელსაც სინოდი შეარჩევს. სამი კანდიდატი, რომელიც სინოდზე ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, უკვე გაფართოებულ კრებას წარედგინება. აღსანიშნავია, რომ ახალი პატრიარქის არჩევაზე მსჯელობასაც განსაზღვრული ვადა აქვს. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ხდება, თუმცა, არა უგვიანეს ორი თვისა. ამ შემთხვევაში ეს შუალედი 25 აპრილიდან 17 მაისამდეა. კათოლიკოს-პატრიარქი ის მღვდელმთავარი გახდება, რომელიც პირველივე ჯერზე ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა ორ უპირატეს კანდიდატს შორის გაიმართება.