სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის საკონცერტო დარბაზის გადაცემას მოითხოვს.

ორკესტრმა წერილობითი მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა. ნიკოლოზ რაჭველის თქმით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ   ორკესტრს ჰქონდეს თავისი დარბაზი. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფილარმონიის დარბაზი, წლების წინ სწორედ ფილარმონიული ორკესტრისთვის აშენდა და მათ ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ.

თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას,  შ.პ.ს. „ინთერნეიშენალ ივენთსა“ და და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, კომპანიის მიერ  წლების განმავლობაში დაგროვილი ვალების გამო, სამინისტროს მხრიდან ცალმხრივად შეწყდა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქონების მართვის სააგენტოში, სადაც განმარტავენ, „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.

ამ ეტაპზე ხდება მიზეზების განხილვა, რის გამოც კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. პრეტენზიების ერთ-ერთი ადრესატი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე კი განმარტავს, რომ  საკითხი მის კომპეტენციაში არ არის და სამინისტრომ ორკესტრს სხვადასხვა შეთავაზების სახით დახმარება არაერთგზის გაუწია. მათ შორის, გამოყო თანხა ყოფილი მუსკომედიის თეატრის შენობის ადგილზე ახალი შენობის აშენების და პროექტირებისთვის.

მიხეილ გიორგაძე თვლის, რომ ნიკოლოზ რაჭველი მდგომარეობას შეგნებულად ართულებს.