„სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ იყიდა

„სილქნეტი“ და „ჯეოსელი“ ოფიციალურად გაერთიანდნენ.

კომპანიები პროცესს ასრულებენ. გარიგების დეტალებზე დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. „სილქნეტი“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის მფლობელი ოფიციალურად გახდა. გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 133 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა „თიბისი ბანკმა“, 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით უზრუნველყო. „სილქნეტის“ ინფორმაციით, უახლოეს წლებში 500 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარებას მოხმარდება. ჯერ უცნობია, შენარჩუნდება თუ არა ბრენდი „ჯეოსელი“. „სილქნეტის“ დირექტორის, დავით მამულაიშვილის განცხადებით, საკითხზე მიმდინარეობს კვლევა და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.