მუშაობა დაიწყო სამმართველომ, რომლის შექმნამ ცოტა ხნის წინ ვნებათაღელვა გამოიწვია. პოლარიზაციის შემცირების და სიძულვილის ენასთან ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბებულ სამმართველოს ათი თანამშრომელი ეყოლება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მან მედიით თუ სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიული განცხადებები და კომენტარები უნდა შეისწავლოს და თუ ამ განცხადებებს მიღმა ადამიანის ღირსების და პატივის შელახვის ნიშნებს დაინახავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს და მასალებს სასამართლოს მიაწვდის. ანუ სამართლებრივი რეაგირებისთვის მოქალაქის საჩივარი საჭირო არ იქნება. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი უფლების დარღვევასა და შეურაცხყოფას შორის და როგორ უნდა დადგინდეს, სცდება თუ არა კონკრეტული ფაქტი კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს: ამ კითხვებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას განსხვავებული პასუხები აქვთ. ოპონენტები ახალი ორგანოს შექმნის მიღმა მოქალაქეების დაშინების და თავისუფლების შეზღუდვების სურვილს ხედავს.