სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები – სასამართლო პროცესი
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარების საქმეებზე სასამართლომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მიმართ სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე, მოქალაქე მაკა ბახტაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 3 000 ლარით დააჯარიმეს. საქმე სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე განიხილა. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოს თავად ეკა კუპატაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ მაკა ბახტაძე სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კომენტარებს, როგორც მის, ისე მისი გარდაცვლილი შვილის მისამართით. დღესვე, სასამართლომ კიდევ ორი მსგავსი საქმე განიხილა. ნატა ფერაძე, ბერა ივანიშვილისა და სხვა პირების მიმართ სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი კომენტარების გამოქვეყნების საქმეზე 3 000 ლარით დააჯარიმეს. ამასთან, მომღერალ ნუცა ბუზალაძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამოქვეყნების საქმეზე, მოქალაქე ლია ალავიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.