სიძულვილის ენა და ევროკავშირის პოზიცია – შალვა პაპუაშვილის წერილი 

21:16, 29.09.2026

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა – ვნებათაღელვა არ ცხრება მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას, იგივე კორძის გარშემო. გორში მისი კონცერტის გაუქმების შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო ევროკავშირის მისამართით მმართველი გუნდის კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა. ფესტივალს, რომლის ფარგლებში კორძის კონცერტი იგეგმებოდა, სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აფინანსებდნენ. კორძის გამოსვლები ხელისუფლების მძაფრი რეაქციების მიზეზი არაერთხელ გამხდარა – ანტისამთავრობო აქციების მხარდამჭერი კორძი ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომელმაც საპროტესტო გამოსვლების დროს დაწერილი და მმართველი პარტიის მხარდამჭერთა მიმართ უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით სავსე სიმღერა „ო ლე ოლა“ შეასრულა. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასების იმ ნაწილით აღშფოთდა, სადაც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაზე მიუთითებენ. სწორედ მსგავსი შეფასებების გამო პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წარმომადგენლობას მოქალაქეთა გინების და სიძულვილის ენის წახალისებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის მხრიდან ამ წახალისების კამპანიის შედეგად ცხადდება ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლაც. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან ხელისუფლების მხარდამჭერებს აგინა.

მსგავსი