სიახლეები იმუნიზაციის პროცესში

„ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვა ნაწილობრივ მოხსნილია.

ხვალიდან ბრიტანულ-შვედური ვაქცინით აცრა 45 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვისაც ხდება ნებადართული. 55 წლიანი ზღვარის დაწესების შესახებ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება მას შემდეგ გადაიხედა, რაც გერმანიამ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ასაკობრივი ზღვარი საერთოდ გააუქმა. თუმცა, ევროპის ცალკეული ქვეყნები გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში ამ პრეპარატის გამოყენების შეზღუდვას ძალაში ტოვებენ. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს არ დაუკონკრეტებიათ, რა დამატებითი კვლევებით იხელმძღვანელეს იმ შეზღუდვის მოხსნის დროს, რომელიც აპრილში ევროპის წამლის სააგენტოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ შესაძლო გვერდით ეფექტებზე გამოქვეყნებული დასკვნების შემდეგ დაწესდა. ამ მომენტისთვის საქართველოში „ასტრაზენეკას“ 10 000 დოზაა ხელმისაწვდომი. პრაქტიკულად ამოწურვის ზღვარზეა 18 წელს ზემოთ ყველა ასაკისთვის ხელმისაწვდომი ჩინური „სინოფარმი“, რომლითაც დაწყებიდან ერთ კვირაში უკვე 40 000 ადამიანია აცრილი. მაღალი მიმართვიანობის ფონზე თბილისში აცრის მსურველთა დარეგისტრირება პრაქტიკულად შეუძლებელია.