4 თებერვალს მსოფლიო კიბოს დღეს აღნიშნავს.
მთავარი მიზანია, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოში ყველა ონკოპაციენტს შეუძლია სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობა, თუმცა გამოწვევად რჩება ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან ონკოპაციენტი ბავშვები, რომლებისთვისაც 2023 წლიდან ცალკე პროგრამა მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო ძვირადღირებულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას საქართველოსა და უცხოეთის წამყვან კლინიკებში აფინანსებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ პროგრამაში თურქეთის კიდევ სამი კლინიკა ჩაერთო და საქართველოდან პატარა ონკოპაციენტის მისაღებად მზად უკვე მსოფლიოს 8 წამყვანი საავადმყოფოა.