ტელეიმედში შეჭრის და 7 ნოემბრის დარბევის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე, მარეგულირებელი კომისიის ყოფილი უფროსი – ზურაბ ნონიკაშვილი გამოიკითხა.
ნონიკაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წელს ტელეიმედს ლიცენზია, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მითითებით ჩამოართვეს. მანამდე სააკაშვილი პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. შემდეგი სხდომა 19 მაისს ჩაინიშნა. 7 ნოემბრის დარბევის და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავებიან. მასთან ერთად ბრალდებულები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.