ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე ეცნობა შვიდი ევროპარლამენტარი.
სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები დღეს პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდნენ. გზავნილები საკმაოდ მწვავეა. მოთხოვნაა დემონსტრაციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, ევროკავშირიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ევროპარლამენტართა დელეგაცია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმ გზავნილებს იმეორებს, რომლებიც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბოლო, საკმაოდ მძიმე შინაარსის რეზოლუციაშია ასახული. დეპუტატები ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციად პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიიჩნევენ. გაკეთდა არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება ბრიუსელიდან მოსალოდნელ შესაძლო სანქციებზე. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში მომდევნო კვირას დანიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული. ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაყოფილ პოზიციებზე მიუთითებს და სანქციებს არ ელოდება მმართველი გუნდი, რომელიც თბილისში მყოფი ევროპარლამენტარების ვიზიტს მიღმა სიტუაციის ესკალაციის მცდელობას ხედავს.