შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას 53 ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით პასუხობს. მესამე სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევად და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟად აცხადებენ. განსაკუთრებული აქცენტი ყადაღის დადების დროზე და 31 აგვისტოს მოახლოებაზე კეთდება – სწორედ ეს დროა მითითებული ევროკომისიის განცხადებაში ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების მიზნით გაწერილი მოთხოვნების შესასრულებლად. ფაქტს სადამსჯელო ნაბიჯად განიხილავს ოპოზიციაც, რომელიც დაყადაღებული ორგანიზაციების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაფინანსებას გამორიცხავს. გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ არ აყენებს მმართველი გუნდი, რომელიც ბოლო წლებია, კონკრეტული პოლიტიკური ძალების გარდა ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი სცენარის განხორციელების მცდელობებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც ადანაშაულებს.