თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსპოზიცია ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30-ე წელთან დაკავშირებით მოეწყო.
გამოფენაზე წარდგენილია ახალი შუამთის მონასტრის ხატები, საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული შუამთის მონასტრისთვის შეწირული შვიდი ექსპონატი: ექვსი ბეჭედი და ერთი საცეცხლური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან წარდგენილია სამი ხელნაწერი – ტიპიკონი, იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტებანი და კრებული. თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.