შუალედური არჩევნები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები, ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა, – ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი შუალედური არჩევნების შედეგებს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა ბანერიც, სადაც 2021 და 2023 წლებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული.

მისივე თქმით, „2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა სხვადასხვა ლოზუნგებით მათ შორის – „თავისუფლება მიშას“, „ბომბების ცეცხლი მირჩევნია“, „საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“, „საქართველო სანქციებს გვერდს უვლის“, „არა რუსულ კანონს“, და „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. მიზანი ერთი იყო – არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება. სწორედ ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ მხარი.

სოციალურ ქსელში განცხადება დაწერა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც და გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ასევე 2021 და 2023 წლებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ გაბედა.