საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში შუალედური, რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დილიდან საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში შუალედური, რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ორ მერს, საკრებულოს ხუთ დეპუტატსა და პარლამენტის ერთ წევრს ირჩევენ. გახსნილია 165 უბანი, საიდანაც 117 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით იმართება და ამომრჩევლების 91% პროცენტს შესაძლებლობა აქვს, ხმა სწორედ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მისცეს.

რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, იქ ხმის მიცემის პროცესი ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მაგრამ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ბიულეტენები გაციფრულდება. შედეგები კი არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს დღეს ფოთის, ხობისა და სენაკის მოსახლეობა. ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ორი კანდიდატია წარდგენილი: ბესიკ წულეისკირი, „თავისუფალი საქართველოდან“ და გიორგი ხახუბია „ქართული ოცნებიდან“.

კენჭისყრის პროცესს ადგილზე თეა აბსარიძე ადევნებს თვალს და ის ახლა „მოამბის“ ეთერს უერთდება.