შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება

შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. ზუგდიდში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრი იყო, ვითარება ამ დროისთვის მშვიდია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ნაწილის წარმომადგენლები პარტიის ოფისთან იკრიბებიან. ისინი აქცია-პერფორმანსის გამართვას აპირებენ და ამომრჩეველს სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელიაც.

შეგახსენებთ, რომ მდგომარეობა ზუგდიდში ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბული იყო. ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდა. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ასევე სამხარეო პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და დაშინების ფაქტზე, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს წევრის, გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებასა და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი გუშინ პასუხისგებაში მისცეს სანდრა რულოვსის თანმხლები პირი ლევან თორია. მას ძალადობას ედავებიან. სასახლის ეზოში მომხდარზე ასევე დაკავებულია გელა კვარაცხელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.