„შუადღე პუტინის წინააღმდეგ“

„შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ – ნავალნის გუნდის მოწოდების შემდეგ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით დღეს საარჩევნო უბნებზე შუადღიდან რიგები შეინიშნება. ხალხმრავლობაა მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის და სხვა ქალაქების საარჩევნო უბნებზე. ოპოზიციის აქციის შინაარსი ასეთია – მოქალაქეები საარჩევნო უბანზე ზუსტად შუადღეს ერთდროულად მიდიან, პუტინის წინააღმდეგ ხმას აძლევენ ან ბიულეტენის აფუჭებენ. ისინი რიგებში მშვიდად დგანან, არ უჭირავთ პლაკატები და არ სკანდირებენ ლოზუნგებს. ოპოზიცია განმარტავს, რომ ამგვარად ისინი სამართალდამცველებს დაკავების საბაბს არ მისცემენ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მასობრივად მისვლისთვის მოსკოვის პროკურატურამ მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ უკვე რამდენჯერმე გააფრთხილა. დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი დღეა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა. მოსკოვში უკვე ამზადებენ სცენას, არჩევნების შედეგების აღსანიშნავად. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, წინა ვადების ანულირების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტობაზე მეხუთე ვადით იყრის კენჭს.