შუა დერეფნის განვითარება და საქართველო
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის რიგით მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში ყურადღება იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე გამახვილდა, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. მთავარი აქცენტი კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე გაკეთდა, რომელიც შავი ზღვის გავლით, ევროკავშირთან ვაჭრობას გაამარტივებს და ურთიერთკავშირებს განამტკიცებს. მათ შორის მხარეებმა ისაუბრეს ტარიფების, ასევე სარკინიგზო, საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მიიღეს. მათ შორის, კონფერენციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.