„შტაინმაიერის ფორმულა” - უკრაინის პოზიცია

მსოფლიო ვლადიმერ პუტინის და ვლადიმირ ზელენსკის პირველ შეხვედრას ელოდება. ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, რადგან ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დაგეგმილ ამ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, დასრულდება თუ არა აღმოსავლეთ უკრაინის ხუთწლიანი კონფლიქტი, რომელსაც უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ახლა მთავარი სადავო საკითხია გერმანიის პრეზიდენტის და ყოფილი პირველი დიპლომატის სახელობის ფორმულის შეთანხმება, რომელსაც პუტინი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის წინაპირობად აყენებდა.

ზელენსკის ოპტიმიზმის ფონზე სკეპტიკურადაა განწყობილი უკრაინის ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებს და „შტაინმაიერის ფორმულას“ „პუტინის ფორმულად“ აცხადებს.

ფორმულის ტექსტის მიღმა უკრაინის პოლიტიკური სპექტრი არაერთ საფრთხეს ხედავს, რის გამოც კიევის მხრიდან ტექსტის შეთანხმებამ ქვეყანაში ვნებათაღელვა გამოიწვია.