შსს-ს განცხადებით, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

შემოვიდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არალეგალურად – პირველმა არხმა შეკითხვით საქართველოში უკრაინის საელჩოს მიმართა და პასუხს ამ დრომდე ველოდებით. თუმცა, თავად სააკაშვილი „ფეისბუქ“ პოსტს და საკუთარ გვერდზე  ვიდეოებს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკვე საქართველოშია, კონკრეტულად კი, ბათუმში: „ეს არის ჩემი ბათუმი, ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება“- აცხადებს სააკაშვილი. მისი თქმით, გარისკა სიცოცხლე და თავისუფლება და ჩამოვიდა საქართველოში. სააკაშვილმა  მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, 3 ოქტომბერს კი, რუსთველის გამზირზე მასშტაბური შეკრება დააანონსა: „3 ოქტომბერს, დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას. ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ.” –აცხადებს სააკაშვილი.