შსს-ს განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოში ბრალდებულისგან დნმ-ს ნიმუშის აღების ფაქტია ასახული

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბრალდებულისგან დნმ-ს ნიმუშის აღების ფაქტია ასახული. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა.  როგორც შსს-ში განმარტავენ, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იყო მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად.   „სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.    საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებული იქნა ვიდეო-საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.

საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად“, – განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ.

მისვე თქმით, ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე.