შსს-ს განცხადება - კეზერაშვილის სახლიდან ამოღებული ნივთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც უწყების ინფორმაციით, გადაღებულია თბილისში, დავით კეზერაშვილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს. კადრებში ჩანს იარაღის საცავი და სხვადასხვა სახის იარაღი. მათ შორის სანადირო თოფი, შაშხანები, პისტოლეტები, რევოლვერები და ვაზნები. სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უწყების ცნობით, ამ გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დავით კეზერაშვილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი. სამინისტროს ცნობით, ამოღებულია როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.