შსს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხს ელოდება

ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დრომდე სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალება, შესაძლოა, ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მიღებას უკავშირდებოდეს. სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ორივე მამაკაცის შემთხვევაში საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ოთხი თვის სტატისტიკასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბრუნვიდან 18 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, ერთი კილოგრამი და 355 გრამი „მდმა“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული და  318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.