შსს-მ შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ ფონიჭალასა და ყარაჯალაში შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს.

როგორც მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 13-16 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.