ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ვკითხულობთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.
სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დაკავებულმა არასრულწლოვანს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, კიდევ ერთი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.