ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ აპრილში, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“).
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.