შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები საოჯახო სახლებში დააბინავეს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი სოფელ ახალსოფელში, ახალ გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შშმ პირები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრებენ, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურა კი ადაპტირებულია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გახსნილ მცირე საოჯახო სახლში მარტყოფის შშმ პანსიონატში მცხოვრები ექვსი ბენეფიციარი დაბინავდა. მარტყოფის პანსიონატის ყველა ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე რვა მცირე საოჯახო სახლში განთავსდა. ახალი საოჯახო სახლის გახსნა მარტყოფის შშმ პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასკვნითი ნაწილია.

საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2022 წლიდან, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო.