შშმ მოსწავლის მშობლის მოთხოვნა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლის მშობელი ტრანსპორტირების მომსახურების აღდგენას ითხოვს. საუბარია სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სკოლაში უფასო ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. თბილისში პროგრამის განხორციელება ამ ეტაპზე მერიას აქვს დელეგირებული. მშობლის თქმით, აუტიზმის მქონე მის მეთორმეტე კლასელ შვილს მიმდინარე სასწავლო წლიდან სერვისი შეუწყდა. მერიის მიერ მოამბისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კრიტერიუმების თანახმად, შშმ მოსწავლის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუ იგი სწავლობს საცხოვრებელი ადგილიდან უახლოეს საჯარო სკოლაში ან სახლიდან მოშორებით მდებარე საჯარო სკოლის ინტეგრირებულ კლასში. მოსწავლე კი, როგორც მერიაში ამბობენ, გლდანის რაიონიდან დადის ვაკის რაიონის სკოლაში და შერჩევითი პრინციპით შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ იგი არ ირიცხებოდა ინტეგრირებულ კლასში. მერიის ინფორმაციით, მშობელს შესთავაზეს, უახლოეს საჯარო სკოლაში მობილობის შემთხვევაში, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. მშობლის განმარტებით კი, სკოლა აუტიზმის ცენტრთან სიახლოვის გამო შეარჩია.
ახლა საჩივარზე პასუხს მერიის იურიდიული სამსახურიდან ელოდება.