შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლის ბიჭის მდგომარეობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალსში“ ხუთი დღის წინ მოათავსეს, სტაბილურად მძიმეა, თუმცა დინამიკაში გაუმჯობესება შეინიშნება. ამის შესახებ კლინიკაში აცხადებენ. პაციენტის მდგომარეობის მცირე გაუმჯობესებაზე საუბრობს ასევე ბიჭის დედა, რომელმაც „მოამბესთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მშობელი ამბობს, რომ 21 აგვისტოს, მისი შვილი შეუძლოდ გახდა და მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე საავადმყოფომ მის მიღებაზე უარი უთხრა. მაია ბარათაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ეუბნებოდნენ, რომ ან ადგილი არ ჰქონდათ, ან შესაბამისი კვლევების ჩატარება არ შეეძლოთ და ფსიქიატრიულ კლინიკაში ამისამართებდნენ. ბოლოს პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსმა“ მიიღო, თუმცა, დედის ინფორმაციით, მისი შვილი კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარების გარეშე იმყოფებოდა. „ჯეო ჰოსპიტალში“ კი აცხადებენ, რომ პაციენტს კლინიკაში შეყვანის დღიდან ყველაფერი უკეთდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. „ჯეო ჰოსპიტალსში“ შაბათს, ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა, რომელიც პაციენტის დედას და ექიმებს შეხვდა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარ ფაქტზე მოკვლევა აქვს დაწყებული, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს, მოხდა თუ არა 18 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტთან მიმართებაში გადაცდომა კლინიკების მხრიდან.