შს მინისტრი პარლამენტში  

მწვავე განცხადებების ფონზე ჩაიარა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და ველისციხის მოვლენები ის ორი თემა იყო, რომელთა გარშემო დღეს ყველაზე მეტი კითხვა დაისვა. ოპოზიცია ძალოვანი უწყების პირველ პირს შერჩევითი სამართლის გამოყენებაში ადანაშაულებს. გიორგი გახარია კი 16 დეკემბრის დაპირისპირებას წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკურ აქტად აფასებს და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ყველა პირის პასუხისგებაში მიცემას აანონსებს.

სიტუაცია სხდომათა დარბაზში განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როცა მინისტრი ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას აკრიტიკებდა. გიორგი გახარიას აზრით, გახმაურებული მკვლელობის ძიებისას დაფიქსირებულ სამოხელეო გადაცდომებზე საქმე უნდა აღიძრას. ვიცე-პრემიერს ჰკითხეს არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზეც, რა დროსაც მინისტრმა ოპონენტებს შეახსენა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირთა დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.