შს მინისტრი ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

გიორგი გახარიამ დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს წელს მატერიალური დახმარება გაორმაგებული თანხით გაუწია.

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. დაღუპული თანამშრომლების შვილებმა მამების თანამებრძოლებისა და მეგობრებისგან მოისმინეს მშობლების გმირობის ისტორიები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელის იუბილარ შვილებს დაბადების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.