შობის დღესასწაულის აღნიშვნა რეგიონებში

სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართა რეგიონებშიც. ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჩაატარა. ლიტურგიას ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. მიტროპოლიტმა გრიგოლმა საშობაო გზავნილში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიის კრიტიკული ხმა უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს. „ღმერთს შევთხოვთ, რომ დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!“, – ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში.

ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ალავერდის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ მეუფე დავითმა მრევლს სიტყვით მიმართა და ქრისტესშობა მიულოცა. ქუთაისში საშობაო ლიტურგია მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში აღევლინა. საზეიმო ღვთისმსახურება ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. მეუფემ მრევლი დალოცა და შობის დღესასწაული მიულოცა. შობის დღესასწაული აღინიშნა აჭარაში მოქმედი ორივე ეპარქიის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლი მთელი ღამის განმავლობაში ესწრებოდა სადღესასწაულო წირვას. საშობაო ლიტურგია აღევლინა შიდა ქართლის ყველა მოქმედ ტაძარში.