შობის დღესასწაული საქართველოს რეგიონებში

შობის დღესასწაული აღინიშნა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მათ შორის, სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში, ასევე კახეთში, სადაც ალავერდის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ალავერდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.

განსაკუთრებულად აღინიშნა შობა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში. ნიქოზი, რომელიც ცხინვალიდან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე სოფელია საოკუპაციო ხაზთან. ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ სადღესასწაულო ლიტურგია ამჯერად ოკუპირებულ ახალგორში ჩაატარა.

საშობაო ლიტურგია ჩატარდა აჭარის ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში. განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან იყო. ტრადიციულად, მრევლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ტაძარში იყრის თავს.

საყოველთაო ზეიმი იყო ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში.

დღესასწაული აღინიშნა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარშიც, სადაც საღვთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაატარა.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა ბოლნისის სიონშიც.

დატოვე კომენტარი