შობის დღესასწაული საქართველოს რეგიონებში

ქუთაისში საშობაო ლიტურგია მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში აღევლინა. ის ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. ლიტურგია დილამდე გაგრძელდა. მეუფემ მრევლი დალოცა და შობის დღესასწაული მიულოცა.

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები,  ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. მეუფე გერასიმემ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული უსურვა. ქრისტესშობის სადღესასწაულო ლიტურგია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

ბოდბის წმინდა გიორგის სახელების ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ბოდბის ეპარქიის  წინამძღვარმა, მეუფე იაკობმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა. შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ბოდბეში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

საშობაო ლიტურგია ჩატარდა ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებისას სასულიერო პირები მრევლს კოვიდრეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

სადღესასწაულო წირვა აჭარაში მდებარე ყველა ტაძარში შესრულდა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ტრადიციულად ბათუმის საკათედრო ტაძარში მივიდა და ღვთისმსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.