შიო მესამე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ახალი ეტაპი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში – ორი ისტორიული მოვლენის შემდეგ შიო მესამე საპატიო და მძიმე მისიის შესრულებას იწყებს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 142-ე პატრიარქი 21-ე საუკუნეში არჩეული პირველი პატრიარქია. არ წყდება მილოცვები. სანამ 17 მაისს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები ერის ახალ სულიერს წინამძღოლს საპატრიარქო ტახტზე ასვლას პირადად მიულოცავენ, მანამდე შიო მესამე წერილებს იღებს. მისალოცი წერილი გამოიგზავნა მსოფლიო პატრიარქისგან, რომელიც ტექსტში მართლმადიდებლურ ერთობასა და ეკლესიებს შორის თანამშრომლობას უსვამს ხაზს. პატრიარქის არჩევნებსა და აღსაყდრების ისტორიულ მოვლენას ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორი იქნება ეკლესიის ახალი მეთაურის გზა და როგორია კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოების გაერთიანების და თანამედროვე გამოწვევების დაძლევის პროცესში – მთავარი გზავნილი და მოლოდინია, რომ გაგრძელდება გზა ილია მეორის, რომელმაც ცხრა წლის წინ მომავალი პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ გამოარჩია.