დგამს თუ არა ქვეყანა საკმარის ნაბიჯებს შინაურ ცხოველებს შორის სხვადასხვა საშიში დაავადების გავრცელების პრევენციისთვის – სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით ჩატარებული ვეტერინარული მანიპულაციების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, გასულ წელს კი სხვადასხვა დაავადებაზე ვაქცინაციისა თუ სხვა სახის პროცედურის რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის სერვისს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, პრევენციული ზომები აუცილებელია, როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ისე სურსათის უსაფრთხოებისთვის.