რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით ერთი პირია დაკავებული. საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს. როგორც ირკვევა დაკავებულია ზურაბ მენთეშაშვილი, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველ ნაწილს, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას ედავება. განცხადებაში ვკითხულობთ: „2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში. აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში. ადვოკატის განმარტებით, ჯერჯერობით დაკავებულისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებას იყენებს.