სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ პირებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხოვენ და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. აღნიშნულ პირთა უმრავლესობას, უწყების ინფორმაციით, აქვს მძიმე კრიმინალური წარსული. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამჟამად 80-მდე ასეთი პირი იმყოფება საქართველოს საზღვარზე. “ – ნათქვამია განცხადებაში.