შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს-ში ელენე ხოშტარიას წერილსა და გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. პროცედურების გავლისას, შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი. განცხადებაში ვკითხულობთ: „ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ არსებულ ვიდეოჩანაწერებს. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე,“ – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.