შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

„სამართალდამცველთა დისკრედიტაციის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მხრიდან აქციებზე გატარებულ ღონისძიებებზე ცრუ ბრალდებები ვრცელდება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, თუმცა, საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა. უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე პირები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაკავების მომენტში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ: 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის, კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა. რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. ბოლო დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.