ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული პირი, ხოლო კიდევ ორ პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 -ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 26 პირი.