შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების ფარგლებში დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, მიმდინარე აქციების ფარგლებში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი, ერთ-ერთი მათგანისთვის ბრალის წარდგენა ადვოკატის თანდასწრებით ამ წუთებში, თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს. გასულ ღამეს კი უწყებამ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.