შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 66 პირია დაკავებული, საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. სულ ორი დღის განმავლობაში პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც. – ნათქვამია უწყების განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რის გამოც, საპოლიციო ძალებმა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.