შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება

პროტესტის 67-ე დღე. მორიგი საპროტესტო აქცია აღმაშენებლის ხეივანზეა დაგეგმილი. თბილისი მოლის მიმდინარე ტერიტორიაზე შეკრება სოციალურ ქსელში დაანონსდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფორმა ექნება პროტესტს, ერთ-ერთი ვერსიით მომიტინგეები ქუჩის რამდენიმე საათით გადაკეტვას აპირებენ. შეკრების მონაწილეები გუშინ განცხადებით გააფრთხილა შსს-მ. უწყებამ მომიტინგეებს შეახსენა მთავრობის 31 იანვრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება. „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება” ითვალისწინებს, მათ შორის – საპატიმრო სასჯელსაც – ორ წლამდე ვადით; ხოლო ჯგუფურად ჩადენილი იმავე ქმედებისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: „ მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომებს. აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ – იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული.”- ვკითხულობთ განცხადებაში.