შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს შეფასებები

შესაძლებელია თუ არა პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში მოხდეს პოლიტიკოსების დაკავება? – შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს მტკიცებულებებზე იქნება დამოკიდებული.

საპროტესტო აქციის დაშლის საკითხზე, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აქციის დაშლის ბრძანება პირადად მისი გაცემულია და პარლამენტის შენობასთან პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. მინისტრი მომხდარს აფასებს როგორც პარლამენტის შენობის შტურმისა  და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად.

მისვე განცხადებით, აქციაზე გამოყენებული რეზინის ტყვიები დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით და არ არის ლეტალური. გიორგი გახარია თვლის, რომ ერთ-ერთი შეცდომა, რაც შეიძლება მან დაუშვა, იყო ის, რომ უფრო ადრე არ გასცა აქციის დაშლის განკარგულება. თანამდებობის დატოვებას კი, გამოძიების დასრულებამდე არ გეგმავს.

 

ხელისუფლების ოპონენტები გიორგი გახარიას ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მინისტრმა არცერთ არსებულ შეკითხვას არ გასცა პასუხი. ოპოზიცია მის გადადგომას მოითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ გახარიას პასუხები იყო ამომწურავი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება აქციაზე კი, ლეგიტიმური.  მმართველი გუნდის წევრები ამბობენ,  რომ მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებელია მის შედეგებს დაველოდოთ.