„გვახსოვს, ვმოქმედებთ, ვიბრძვით მომავლისთვის!“- ამ დევიზით აღინიშნავს მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. ამ დღის აღნიშვნას საქართველო უკვე 29-ედ უერთდება. თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეზოში დღეს სიმბოლურად ბუშტები გაუშვეს. დღევანდელი დღის მიზანი გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად, აივ ინფიცირებულების მიმართ გლობალური სოლიდარობის გამოცხადება, საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხებაში წვლილის შეტანა და აივ/შიდსის პრევენციის აქტიურ კამპანიაში ჩაბმაა, რომელიც გულისხმობს როგორც აივ ინფიცირებული პაციენტების გამოვლენას და მათ მკურნალობას, ასევე პრევენციულ ღონისძიებებს, რათა თავიდან იყოს აცილებული აივ-ის გადაცემის ახალი შემთხვევები და დასრულდეს აივ/შიდსის ეპიდემია. დღეის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა.