შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება გრძელდება. რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის არჩევნების დასრულებას პარტიის წევრები ეხმაურებიან. თინათინ ბოკუჩავა თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებად მიიჩნევს და წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ბაჩო დოლიძე კი ამბობს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიულობით არ გამოირჩევა და ამ შემთხვევაში არც არჩევნები იქნებოდა გამონაკლისი. „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები გუშინ დასრულდა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს 90 % პირდაპირი არჩევნების გზით დაკომპლექტდა.