შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება

ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, ქვეყანა ცხოვრების თითქმის ძველ რეჟიმს უბრუნდება. ნოემბრის ბოლო რიცხვებთან შედარებით, როცა მძიმე მეორე ტალღის და ეპიდაფეთქების გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, დღეს საქართველოში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 600-700-ის ფარგლებში მერყეობს. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის 30%-დან 4%-მდე შემცირება ჯერ ისევ მოქმედი შეზღუდვების ვადაზე ადრე გაუქმების საფუძველი ხდება. 8 თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტის მუშაობა, 15 თებერვლიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდებიან. ამავე დღიდან, საქმიანობის განახლების უფლებას მიიღებენ ბაზრობები, ასევე კაფე-რესტორნები – თუმცა მხოლოდ ღია სივრცეში. შესაბამისად, სარესტორნო ბიზნესის ნაწილმა, რომელიც პროტესტის ნიშნად შაბათს თვითნებურად გახსნას აპირებდა, ამ გეგმას შესაძლოა გადახედოს.

დატოვე კომენტარი