შეზღუდვები სავტომობილო გზებზე

უამინდობის გამო, შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე. ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე,  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ასევე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შუხუთი-აცანა -მამათი-ძიმითის გზაზე  მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გარკვეული აკრძალვები ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთზეც, სადაც მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

უხვი ნალექთან და ყინვასთან ერთად, პრობლემები ძლიერმა ქარმაც გამოიწვია. ბოლო 24 საათში, 112-ში 64 შეტყობინებაა შესული. უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. გამოძახებების უმრავლესობა თბილისში იყო – სულ გადაუდებელი დახმარების ცენტრში 49 შეტყობინება შევიდა. რაც შეეხება რეგიონებს, ძლიერმა ქარმა გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ქართლის“ ყოფილ შენობას სახურავი გადახადა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. შენობაში ამ დროისთვის არავინ ცხოვრობს.

დატოვე კომენტარი