სწორედ კალიფორნიაში შექმნილი ვითარების გამო ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც.
ტრამპმა შტატის რამდენიმე ქალაქში დაწყებული აქციები და შეტაკებები ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმებად და ამბოხად შეაფასა და ეროვნული არმიის განთავსების გარდა აქციებზე ნიღბების ტარებაც აკრძალა. „დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები სასწრაფოდ“ – ამ გზავნილით აშშ-ის პირველი პირის მიდგომას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მიზეზი რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ საპროტესტო გამოსვლების დროს ნიღბების გამოყენებას კრძალავს. ძალადობის პრევენციის არგუმენტით მიღებულ ცვლილებას თავის დროზე ოპონენტების და სამოქალაქო სექტორის მხრიდან საკმაოდ მწვავე პროტესტი და ვნებათაღელვა მოჰყვა. გადაწყვეტილება შეკრების თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ძველ განცხადებებს ახსენებს და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ადრესატები იდენტური მიზნების მქონე გადაწყვეტილებებს შორის საკმაოდ დიდ განსხვავებას ხედავენ.